დეკემბერში გამოვლენილი „სერიოზული კიბერთავდასხმის“ უკან რუსეთი დგას, – ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას apnews ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, განცხადებაშია ნათქვამია, რომ მათივე ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად, რომლის მიზანი ინფორმაციის შეგროვება იყო და რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, 10-მდე სახელმწიფო სტრუქტურის მონაცემებია გატეხილი, თუმცა დაზარალებულები არასახელმწიფო ორგანიზაციებიც არიან.
„ამ მომენტისთვის გახორციელებული სამუშაო იმაზე მიუთითებს, რომ მდგრადი მიზანმიმართული საფრთხის წყარო, სავარაუდოდ, რუსული წარმოშობისაა და სახელმწიფო და კერძო ქსელებზე ბოლო დროს გამოვლენილი კიბერშეტევების უკან დგას“, _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის ზუსტი მასშტაბების დასადგენად სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეროვნული სამმართველოს სისტემები გატეხეს. კიბერშეტევა, სავარაუდოდ, 2020 წლის გაზაფხულზე მოხდა. ჰაკერებმა უწყებების ელექტრონულ ფოსტებზე მიიღეს წვდება.
ჰაკერებმა, ასევე პროგრამული კომპანია SolarWinds-ი სამთავრობო და კორპორატიულ ქსელებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. აშშ-ის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჯაშუშობის ოპერაციაში რუსეთი დაადანაშაულა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თავდასხმის უკან, შესაძლოა, ჩინეთიც მდგარიყო.































































