ოზურგეთელ რეზო ხომერიკს დიდი აუდიტორია ჰყავს. ის წლებია მომღერალია და ყველაზე კარგად, როგორც თავად ამბობს, ქართული სიმღერების შესრულება გამოდის.
2020 წელს, დროებით გადაწყვიტა, რომ სამედიცინო სფეროს მუშაკებს დახმარებოდა. ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრებში ექთნების და ექიმების გვერდში აღმოჩნდა.
რეზო მოხალისე გახდა და იმ ადგილას დაიწყო მუშაობა, სადაც ასობით ადამიანმა კორონავირუსი დაამარცხა.
“მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ახლა ამით ვამაყობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ამ პერიოდში ნამდვილად არ მემღერებოდა.
კვირაში ორი დღე კოვიდ ცენტრში მივდიოდი და ადამიანებს ვეხმარებოდი. უფრო მეტად მათ ვეხმარებოდი კვების კუთხით. დღეში მიწევდა პირდაპირ კორონავირუსით დაინფიცირებულებთან შეხვედრა. ეს არ იყო ადვილი სანახავი, მაგრამ ეს მომენტი უნდა გადამელახა, რადგან ადამიანებს დახმარება სჭირდებოდათ“, _ გვითხრა რეზო ხომერიკმა.
ახალი წლის დღეებში რეზო აპირებდა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 10-15 წუთიანი მუსიკალური ნომრის დადგმას.
“სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, მაგრამ სხვა დროს მაინც ვუმღერებ მათ. არ იყო შესაბამისი სიტუაცია და აქედან გამომდინარე, სამომავლოდ გადავდე“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს რეზო ხომერიკმა.
რეზოსთვის ყველაზე ემოციური აღმოჩნდა, როდესაც პაციენტი კორონავირუსს ვერ ამარცხებდა.
“როდესაც დღეში სამჯერ ვეხმარებოდი კვებაში ადამიანებს და ამ დროს რამდენიმე მათგანმა კორონავირუსი ვერ დაამარცხა, ეს იყო ყველაზე მეტად საშინელი საყურებელი. ვერ გადმოვცემ, რა გრძნობა მეუფლებოდა ამ დროს. ეს ემოციები უცებ უნდა მოგეთოკა და გეფიქრა, რომ სხვა პაციენტებს შენი დახმარება სჭირდება. ყველანაირად ვცდილობდი, მათთან ვყოფილიყავი მხიარული. ყველაზე ბედნიერი კი ის მომენტი იყო, როცა მძიმე პაციენტები კორონავირუსს ამარცხებდნენ“, _ გვითხრა რეზო ხომერიკმა.
ახლა რეზო ყოველ მესამე დღეს დადის საავადმყოფოში. ის ფიქრობს, რომ ყველაზე რთულ პერიოდში იქ აღმოჩნდა, სადაც ათასობით ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდებოდა თანამოქალაქეების დახმარება.