დონალდ ტრამპის ქმედებები ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარია,_ ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა განაცხადა.
„ეს პრეზიდენტი პუტინის ინსტრუმენტია. პუტინის მიზანი იყო, მსოფლიო დემოკრატიის როლი და რეპუტაცია დაეკნინებინა. ამით არის დაკავებული, ხოლო დონალდ ტრამპი კი მისი თანაშემწე იყო დიდი ხნის განმავლობაში,” – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
მან ვიცე-პრეზიდენტს აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება მოთხოვა.
„ვუერთდები სენატში „დემოკრატების“ ლიდერს და მოვუწოდებ ვიცე-პრეზიდენტს, ეს პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშოროს 25-ე შესწორების ამოქმედებით. თუ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტი არ იმოქმედებენ, კონგრესს შეუძლია იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს“, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
ასევე, სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება მოითხოვეს.
აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების მეოთხე ნაწილი გულისხმობს:
აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, ან სხვა ორგანოს, რომელსაც ამის უფლებამოსილებას კონგრესი მიანიჭებს, შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს ორი პალატის ლიდერებს აცნობოს, რომ პრეზიდენტი ქმედუუნაროა და არ შეუძლია უფლებამოსილების შესრულება.
ცნობისთვის, შესწორების ეს ნაწილი პრაქტიკაში არასდროს ამოქმედებულა.
დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება, როდესაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შედგება.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რომლის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.