სამტრედიის მუნიციპალიტეტის 37 სკოლიდან საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი დღეს 32-მა სკოლამ დაიწყო. მათ შორის 2 კერძო და 30 საჯარო სკოლაა. დანარჩენები, სხვადასხვა მიზეზების გამო, დისტანციურ სწავლებაზე დარჩნენ.
,, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი დღეს სამტრედიაში 32-მა სკოლამ დაიწყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწავლას ამ სკოლის მოსწავლეები ისევ გააგრძელებენ. ამის თქმის საფუძველს იძლევა დღეს ამ სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი. არის შიში და პრეტენზიები მშობლების მხრიდან, ცხადია, პანდემიიდან გამომდინარე. ისინი შვილებს შეგნებულად არ უშვებენ სკოლებში,”- ეს განცხადება დღეს დილით ,,გურია ნიუსთან” სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.
ელენე ბოხუას თქმით, სკოლებში ადრე შეტანილი სადეზინფექციო ხსნარების ნაშთი ჯერჯერობით ისევ აქვთ. ამდენად, ახლის შემოტანის აუცილებლობა არ დამდგარა. თუმცა სადეზინფექციო ხსნარების და პირბადეების ახალ პარტიას ისევ ელოდებიან.