დღეს, ოზურგეთში, სწავლის დაწყებას განსაკუთრებული ჟრიამული მოჰყვა.
_ამინდიც კარგია. ბავშვებს, ადრე, ხან სკოლაში წასვლა ეზარებოდათ. ახლა კი სიხარულისგან აღარ იყვნენ. მაინც გვეშინია, პანდემიაა, მაგრამ ჩვენი შვილების სიხარული ყველანაირ შიშს ხსნის, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ მშობლებმა ნათია მახარაძემ, ხათუნა კინწურაშვილმა, მანანა კაპანაძემ და სხვებმა.
ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია ვაშალომიძემ, სწავლის დაწყებას სოფლის გაცოცხლება უწოდა.
_სწავლა დაიწყო და ჟრიამულმა არა მარტო სკოლის კედლები, სოფელი გააცოცხლა. სოფელი სკოლაა, ყველაზე ნათელის წერტილი ხომ განათლების კერა -სკოლა დაგხვდება, როცა სოფელში შემოაბიჯებ. ჩვენ გვყავს 121 მოსწავლე. დღეს ბევრ კლასში 100%-იანი დასწრება გვაქვს, ზოგში უფრო ნაკლები. საერთო ჯამში კი ბავშვების 95% გამოცხადდა. თადარიგი ჩვეულებრივად დავიჭირეთ. მთელ სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშოები. ასევე დეზინფექცია ჩაუტარდა ტრანსპორტს, რომლის საშულებითაც მოსწავლეები სკოლაში ოთხი უბნიდან მოჰყავთ. სკოლაში ცენტრალური გათბობა ჩართულია. ყველანაირად მზად ვართ, სასწავლო პროცესი გამართულად წარვმართოთ, _ გვითხრა ქალბატონმა მზიამ.
ის კორონავირუსით თავადაც დაინფიცირდა და ახლა გამოუჯანმრთელებული დაუბრუნდა სკოლას.
_ცოტა ყურების შუილი დამიტოვა. ვაპირებ, მივმართო სპეციალისტს. სხვა მხრივ, კარგად ვარ. სკოლაში კიდევ ოთხმა მასწავლებელმა დაამარცხა კოვიდ-19. კარგად ვართ. მოსწავლეებში ვირუსი არ დაფიქსირებულა , _ პოზიტიური განწყობით დაგვემშვიდობა ქალბატონი მზია.