„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის საპარლამენტო მანდატების არ გაუქმებას ეხმაურება.
თარხნიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო „ქართული ოცნების“ არაადეკვატური ნაბიჯების გაგრძელება, რადგან მანდატები პარამენტს დიდი ხნის წინ უნდა გაეუქმებინა, თუმცა როგორც თარხნიშვილი ამბობს, ქართულ ოცნებას აქვს შიშის ფაქტორი, პირველ რიგში უცხოელ პარტნიორებთან, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი.
თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მძიმე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და ხელახალ არჩევნებამდე ქართულ ოცნებას შეუძლია გააგრძელოს მასკარადი.
„გარკვეულწილად ეს იყო „ქართული ოცნების“ არაადეკვატური ნაბიჯების გაგრძელება და განსაკუთრებით საინტერესოა ის განცხადებები, რომელიც ამ მანდატის არ გაუქმების საფუძვლად დადეს. ერთიმხრივ, ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს მრავალპარტიული პარლამენტი და ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის იქ შესვლა მათ არაფერში არ სჭირდებათ და მეორემხრივ, ვერ თუ არ აუქმებენ მანდატებს.
ეს საკითხი დიდი ხნის წინაც უნდა გადაწყვეტილიყო, გამომდინარე კანონმდებლობიდან, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ქართული ოცნება საკუთარ მიღებულ კანონებსაც არღვევს, როგორც კი მას ეს დასჭირდება.
ამავდროულად, ეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან არ სურთ დააფიქსირონ პარტნიორებთან პირველ რიგში, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი, რაც ფაქტობრივად ასეა და ასე იქნება იქამდე, სანამ ისინი არ აღიარებენ, რომ 2020 წლის არჩევნები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის აზრს და შესაბამისად, ვიმყოფებით ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ხელახალი არჩევნები.
ეს არის ერთადერთი გამოსავალი და იქადმე ეს მასკარადი შეუძლიათ გააგრძელონ.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.