,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გიჟების დაძახებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ პოლიტიკოსებისთვის ჟურნალისტებთან გამკლავება რთულია და მსგავსი რეპლიკა ადამიანურია.
“რა უქენით ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი, გიჟები რომ გეძახათ, მართლა არ ვიცი, რეალურია ეს? გიჟები ხართო, ასე გითხრათ?
წარმოუდგენელი ამბავი ხდება ყოველდღიურად, ძალიან რთულია ადამიანურად და ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ირაკლიც, მეც და ვინც ყოველდღიურად ტელეკამერების წინ ვდგავართ. როდესაც ერთ რამეს ეტყვი, ერთი რამე ხდება და მეორე რამეს აცხადებთ ყოველდღიურად და როდესაც, პრაქტიკულად, თავდასხმა ხდება ხოლმე, მიკროფონები სახეში და თავში ხვდებათ რესპოდენტებს, ძნელია რაღაც ფრაზით არ აღნიშნო. მე ახლა არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, მაგრამ ეს არის ის ჩვენი ყოველდღიურობა, რომლის ატანაც გვიწევს სამწუხაროდ”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარსადგენად მივიდა. მასთან კითხვის დასასმელად ჟურნალისტები მივიდნენ, დაცვამ კი მინისტრთან მიახლოების საშუალება არ მისცა, ხოლო მისი მისამართით დასმული შეკითხვების გაგონებისას, ირაკლი ღარიბაშვილის რეპლიკა იყო “გიჟები არიან”, რომელიც მან ჟურნალისტების მისამართით წარმოთქვა.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაცვის მიერ მოწყობილი დერეფნის გავლით შევიდა და კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.