იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის ბევრ წევრთან, მათ შორის კახა კუკავასთან ერთად მარიხუანა მოუწევია. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მარიხუანა რომ რამეს შველოდეს, საღი აზრის გარანტია რომ იყოს, ბევრი ადამიანი გამოგვყვებოდა დღეს ჩვენ. მაგ ხალხთან ერთადაც მოგვიწევია მარიხუანა, კახა კუკავასთანაც მომიწევია, სხვათა შორის. ამის წამოძახება არასწორია, მაშინ, როდესაც ერთად გვაქვს მოწეული ბოლო-ბოლო. როცა ერთად ვეწეოდით, მაშინ ჩვენიანები იყვნენ, მაშინ შეთანხმებულები ვიყავით, მე და კუკავა მაინც, რომ მიშას თამაში არ გვინდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კახა კუკავამ განაცხადა, რომ „დღევანდელ შეხვედრაზე „გირჩი“ „დაბოლილი“ იყო“.
„გირჩმა“ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ნაადრევად დატოვა, რის შემდეგაც, პარტიის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა: „შეხვედრა ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე არათუ პასუხი ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ“.
დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში მოქმედების გეგმაზე მსჯელობდნენ.