“სირცხვილი გვაჭამაო და ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს – აი, ასე სასტიკად და ასეთივეა ჩემი სიტყვებიც – უხეში და ულამაზო.
საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს – ,,გააპუტიურეს და გამოისყიდაო”.
იმ გოგონას კიდევ, გზები სულ მოჭრილი ჰქონდა – ან ძალადობა ხვდებოდა გზის ბოლოს ან გულგრილობა. რა გზაც იცოდა, ყველგან ეს დასასრული ეგულებოდა. სხვა გზა კიდევ ჩვენ ვერ დავაგეთ და თვითონ სად მოგვძებნიდა? ვერსად.
ამასწინ დავწერე: ” გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხახა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინის თანატოლები ავლენ. ნინი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო.” და მერე დავფიქრდი – მე რა ვიცი ნინის რომელიმე თანატოლის დარდის? ან შენ რა იცი? არაფერი. ვერაფერი.
ნინისთვის ბრძოლა, გარდა აქ და ახლა სამართლის აღსრულებისა – უფრო დიდი და მთავარი ბრძოლა – ამ გზის დაგება იქნება – ყველა მოსწავლესთან, სკოლასთან, სოფელთან მიმყვანი გზის – ერთმანეთთან ლაპარაკს რომ გვასწავლის. რომ სხვა ნინი, ელენე, ნათია, გვანცა – გადავარჩინოთ. და ის რომ ხან ასეთი სიტყვები პათეტიკად გვეჩვენება, გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს ყოველდღიურ რუტინად არ ვაქცევთ”,_ ამ პოსტით ეხმაურება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ქობულეთში დატრიალებულ ტრაგედიას.
ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს, რის შემდეგაც გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამ დროისთვის დაკავებულია სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი. პოლიციამ კი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დღეს გარდაცვლილის ბაბუა დააკავა.