„1901 წლიდან სამეცნიერო დარგებში ნობელის პრემიის ლაურეატების 97% კაცია; მსოფლიოს 100 საუკეთესო მოჭადრაკიდან 99% კაცია; კინოს კომპოზიტორების 99%-იც – კაცია. იმავდროულად, ესპანეთში უსახლაკაროთა 90% და პატიმართა 92% – ასევე კაცია“, – წერს ესპანური El Pais.
გაზეთი დარვინის პერიოდიდან არსებული სადავო ჰიპოთეზის შესახებ წერს, რომლის თანახმად, ცხოველების ბევრ სახეობაში მამლების თვისებებს მეტი ცვალებადობა ახასიათებს, ვიდრე დედლებისას; თუკი ყველაზე მარტივ ინტერპრეტაციებს დავუჯერებთ, შესაძლოა სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ ჭარბობენ სავარუდო წარმატებულ და სავარაუდო უიღბლო ადამიანებს შორის კაცები და არა ქალები.
გამოცემას ახალი კვლევის შედეგები მოჰყავს, რომელიც ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ჩატარდა. ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტების კვლევაში შეისწავლეს 1,6 მილიონი ადამიანის მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„Nature Communications-ის ახალ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თუ ადამიანებს შორის, რომლებიც სწავლობდნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ავარჩევთ საუკეთესოების 10%-ს, მაშინ ქალების და კაცების რაოდენობა ამ 10%-ს შორის იქნება თანაბარი. მოსაზრება, თითქოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის ფაკულტეტებზე ქალების ნაკლებობა აიხსნება მათი სწავლის უნარებით, ფაქტებით არ დასტურდება“, – ნათქვამია სტატიაში.
კვლევაში გათვალისწინებულია 6 წლიდან სტუდენტობის ასაკის ჩათვლით მოსწავლეთა სწავლის შეფასებები (ნიშნები), რომელთაგან 820 ათასი მდედრობითი, ხოლო 827 მამრობითი სქესის იყო. კვლევამ დაადასტურა, რომ ქალები საშუალოდ უფრო მაღალ შეფასებებს (ქულებს) იღებენ, ვიდრე კაცები, კერძოდ 6,3%-ით მაღალს. მაგრამ მამრობითი სქესის წარმომადგენლებში შეფასებების ცვალებადობა 11%-ით მაღალია, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.