“ძალიან უყვარს ფეხბურთი და რა თქმა უნდა, ინგლისური”, _ პოსტს, რომელსაც თავის მოსწავლეს, ლუკა ყარაჯაშვილს უძღვნის, სკოლის ფეისბუქგვერდზე შუაფარცხმის საჯარო სკოლის მასწავლებელი ეკატერინე მეგრელიშვილი აქვეყნებს.
“ეს ჩემი საოცარი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი მოსწავლეა..
დავასრულეთ თემა ოჯახის შესახებ და მოსწავლეებს დაევალათ, შეექმნათ პოსტერი და ჩაეწერათ ვიდეო, სადაც ისაუბრებდნენ თავიანთი ოჯახის წევრების შესახებ.
მთელი ეს დღეებია თავდაუზოგავად და მთელი მონდომებით ასრულებდა დავალებას, ბევრი ვიდეოც ჩაწერა და მთელი სითბოთი გამომიგზავნა.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ამ ბიჭის თავდაუზოგავი მონდომება, სურვილი, რომ ძალიან უნდა ყველაფერი იდეალურად შეასრულოს. თვალები მუდამ უციმციმებს და სიხარულის ვარსკვლავები სცვივა. მჯერა, რომ ძალიან ბევრს მიაღწევს და სასახელო სპორტსმენიც დადგება. წარმატებები ლუკა, ძალიან მეიმედები”, _ წერს ეკა მასწავლებელი.