„1000 მშობლის მარშს“ ლანჩხუთიც უერთდება და ის რვა მარტს, 17 საათზე ცენტრალურ ქალაქის სკვერში გაიმართება.
„თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გავიაზროთ თუ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ,ჩავიხედოთ საკუთარ სულში და გულში და წამიერად წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ან ახლობელი.. თუ რას გრძნობდნენ და გრძნობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები… ამის შემდეგ დამიჯერეთ ყველას გექნებათ ხმის ამოღების სურვილი და 8 მარტს, 1000 მშობლის მარშზეც გამოსვლის სურვილი!!! გელოდებით!!!!!!!“ – წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი მარიამ ჭურჭელაური.
„1000 მშობლის მარში“ ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.
კამპანია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თებერვლის დასაწყისში, ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა.
მარშის ორგანიზატორების განცხადების თანახმად, უცვლელია მათი მოთხოვნები: შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
“1000 მშობლის მარში” რვა მარტს ლანჩხუთის გარდა კიდევ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება.