დიდუბის საგამოფენო ცენტრში პირველ საათზე ჩანიშნული რაგბის კავშირის ყრილობა ახლახან დასრულდა, რადგან ვითარება დაძაბული იყო. საგამოფენო ცენტრის ეზოში მობილიზებულ პოლიციას რამდენჯერმე მოუწია შეეკავებინა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც შენობაში შეჭრას და ყრილობის ჩაშლას გეგმავდნენ.
ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც შენობაში შესვლა ერთადერთმა კანდიდატმა იოსებ ტყემალაძემ სცადა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ სწორედ ირაკლი არის ყველა წესის დაცვით არჩეული პრეზიდენტი და ყველა ხერხით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ, მათი თქმით, არაკანონიერი პრეზიდენტის არჩევისთვის.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის მეხუთე მცდელობა. თუ გარკვეული ჯგუფები ყრილობის ჩაშლას მოახერხებდნენ, კვლავ განუსაზღვრელი ვადით გადაიდებოდა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.
ყრილობა ახლახან დასრულდა და რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.
ახლა ჯერი საჯარო რეესტრზეა, რადგან წინა ყრილობაზე არჩეული პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე, სწორედ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა პრეზიდენტად, ყრილობის ჩატარების ვადების დარღვევის გამო.
დაპირისპირებები არახალია სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში. მსგავსი არეული სიტუაცია უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც სპორტის, ისე ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ასპექტზე. ამგვარ სიტუაციაში რთულდება ნაკრებისა თუ კლუბების მდგომარეობა. ამიტომ, იმედია, სიტუაცია მალე განიმუხტება და მუშაობას შეუდგება თავისუფალი ნებით არჩეული ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი გამოწვევის და პრობლემის გადაჭრა მოუწევს.