,,ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს არსებობასა და ცხოვრებას“ – აღნიშნული განცხადება იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა.
კულუმბეგოვის თქმით, ეს ინფექცია, ჯერჯერობით, უკან დახევას არ აპირებს. ის აგრძელებს ამ ტალღებს მსოფლიოში და საქართველოშიც იქნება შემდგომი ტალღა, მაგრამ როდის – ეს რთული სათქმელია
მისივე თქმით, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს აცრის შეგნებული გადაწყვეტილება.
„ჩვენ მათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დავეხმაროთ. ყოველდღიურად, კორონავირუსით, საშუალოდ, 10 ადამიანს ვკარგავთ, ანუ თვეში სამას ადამიანს, ჯამურად კი 3 700-მდე ადამიანი დავკარგეთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, თუ რაიმე პრობლემა აქვთ სამედიცინო თვალსაზრისით, გაიარონ კონსულტაცია საკუთარ ექიმთან, თუ ალერგიულები არიან და შეაფასონ ალერგოლოგთან რისკი. პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ზოგადად, არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც ალერგიული რეაქცია არ ახლავს, მით უმეტეს – საინექციო პრეპარატი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.