ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პარლამენტში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.
ბოკერიას თქმით, ბარიერის დაწევა გახდება აქტუალური მაშინვე, როდესაც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, თუმცა პოლიტიკურ კრიზისში ამ პროექტის ინიცირება გამოიყურება როგორც არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა ოპოზიციის ერთიანი პოზიციაა, თუმცა ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს და ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
“როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ამომრჩევკების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისვის“, – განაცხადა ბოკერიამ.