ჩოხატაურში 12 დღეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში სამკურნალოდ მხოლოდ ლანჩხუთის 2 მაცხოვრებელი რჩება.
„ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. იზოლაციაშიც არავინ არ გვყავს. ამ წუთში აქტიური შემთხვევა არ გვაქვს. მივდივართ სიმწვანისკენ. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ მწვანე ზონა ვართ, მაგრამ ეს იმის მანიშნებელია, რომ ნელ-ნელა, შეიძლება, წავიდეთ სიმწვანისკენ“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული სურათის შესანარჩუნებლად, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გვპასუხობს, რომ ხალმხრავლობას მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს და უკვე გაცემული რეკომენდაციები დაიცვას.
„ამ შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ დიდი ქორწილები, ქელეხები და სხვა ხალხმრავალი თავშეყრის ღონისძიებები არ გაიმართოს. ამის გარდა, აუცლებელია ხელების დამუშავება, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, რომ მესამე ტალღას ავარიდოთ თავი“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ცნობისთვის, სულ ჩოხატაურში დადასტურებული იყო კორონავირუსის 1127 შემთხვევა, მათგან 13 გარდაიცვალა, 1114 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.