გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა.
1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“.
1962 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი.
მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან.
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.
1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში.
მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი“, „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“ და სხვა.
გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატია, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.