საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.
მათი განცხადებით, აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება, მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.
„შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება, მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.
დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, _ წერია საპატრიარქოს განცხადებაში.