ცოტა ხნის წინ, “გურია ნიუსის” მკითხველს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში მცხოვრები სვანიშვილების ოჯახის პრობლემები გავაცანით.
სტატიაში _ “კაცი რომ იყოს შიშველი და მარტო ქუდი აჩუქო!” _ ოჯახი დახმარების მოლოდინში” _ ვწერდით, რომ შესაბამის კომისიას ოჯახისთვის პრობლემის მოგვარების შესახებ უნდა ემსჯელა.
შეგახსენებთ, რომ სვანიშვილები პოლიეთილენში შეხვეულ სახლში ცხოვრობენ, რომელსაც გარედან მხოლოდ “შიფერი” აქვს აკრული იმისთვის, რომ ქარმა “ცელოფანი” არ გახიოს და ავარიული ჭერი მძინარე ადამიანებს თავზე არ დაეცეს.
“ასეთი ოჯახები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია. ამას ემატება სტიქიით დაზარალებულები _ ხანძარი, მეწყერი…
კომისია აღნიშნულ ოჯახში ნამყოფია და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების მუხლიდან, მერია, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმარება და სამშენებლო მასალის შესაძენად თანხას გამოუყოფს”, _ გვითხრეს მაშინ ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში.
აღნიშნული მასალის გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კომისია ცოტა ხნის წინ შეიკრიბა და მიღებული გადაწყვეტილებით, მერია ამ ეტაპზე დახმარებას ხანძრისგან დაზარალებულ 4 ოჯახს გაუწევს.
“კომისია შეიკრიბა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ ფინანსური დახმარება. 4 ოჯახს შეუძენს მერია სამშენებლო მასალებს. თანხის ჯამური რაოდენობა ოთხივე ოჯახისთვის 15 000 ლარამდეა”, _ გვეუბნებიან მერიის პრესსამსახურში.
შეკითხვაზე, თუ როდის დაზარალდნენ აღნიშნული ოჯახები ხანძრისგან, ვინ არიან და სად ცხოვრობენ ისინი, მერიის პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ ოჯახების იდენტიფიცირება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ:
“აღნიშნული ოჯახები გასული წლის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით დაზარალდნენ. მათი სახელების და გვარების გასაჯაროება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან პერსონალური ინფორმაციაა.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების მუხლიდან, მერია მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს დახმარების გაცემას.
რაც შეეხება სვანიშვილების ოჯახს, კომისია აღნიშნულ ოჯახში ნამყოფია და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების მუხლიდან, მერია შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება და სამშენებლო მასალის შესაძენად თანხას გამოუყოფს”, _ გვითხრეს პრესსამსახურში.