Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის მეორე ეტაპს, სამუშაო შეხვედრების სერიებს იწყებს. პროექტი თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
ონლაინ სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო შეხვედრებზე ახალგაზრდები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის პრინციპებს, განავითარებენ ბიზნესიდეებს, მოარგებენ შესაბამის ბიზნესმოდელს და საბოლოოდ შექმნიან ბიზნესგეგმის მონახაზს.
პროგრამის შემდეგი ეტაპი, საკონკურსო ნაწილია, სადაც მონაწილეები თავიანთ სოციალურ ბიზნესიდეებს წარადგენენ. შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
„თიბისი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშველოვანია ბიზნესიდეების მხარდაჭერა საწყის ეტაპზე. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვახორციელებთ პროგრამა სტარტაპერს. სასიხარულოა, რომ Social Impact Award-ი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს და წაახალისებს ახალგაზრდებს, რომ მეწარმეობით დაინტერესდნენ,“ – განაცხადა ნათია ვაჭარაძემ, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა.
„გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. ამ პროცესში ახალგაზრდებს უდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭირო უნარებითა და ცოდნით. მესამე წელია გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს Social Impact Award-ის განხორციელებას. ჩვენი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოთხი სამიზნე რეგიონის ახალგაზრდების ჩართვა ამ პროგრამაში, რაც ადგილობრივ დონეზე სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა UNDP-ის პროექტის მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა.
„პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მივიღეთ და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. წელსაც ველოდებით მოტივირებულ გუნდებს, საინტერესო იდეებით, რომლებიც აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს შემოგვთავაზებენ,“ – განაცხადა ქეთი ებანოიძემ, იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა.
Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
(R)