უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. ის ამის შესახებ FACEBOOK-ზე წერს.
როგორც პროკურორი წერს, 10 წელია უფროსი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება.
მან, იმედი გამოთქვა, რომ ეს ქვეყანა მართლაც დაადგება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების განვითარების გზას და გახდება ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი.
“10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან. მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა, და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას”, – წერს დათუკიშვილი.