„ბოლო 24 საათის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 20 შემთხვევა დაფიქსირდა“, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადება, სადაც მან მთელ საქართველოს მრევლს მოუწოდა, სალხინოში ერთად აღნიშნონ ბზობის დღესასწაული:
“ბზობის დღესასწაულს ჩავატარებ სალხინოში. მთელ საქართველოს მრევლს მოვუწოდებ, სალხინოში ჩემთან ერთად, აღვნიშნოთ ბზობის დღესასწაული“, _ ამბობს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებასთან” მეუფე.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი როზა ჯანაშია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარტვილში არ არის სახარბიელო სიტუაცია და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება სოციალური დისტანცია და ზოგადად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცული, ეს სიტუაციას უფრო დაამძიმებს.