„ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, დღეს პირველად ამ ტრიბუნიდან მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და ვუთხრა მათ მადლობა, მადლობა მოთმინებისთვის, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა. მადლობა მათ იმ ყოველდღიური მუხლჩაუხრელი, ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელი შრომისთვის და ბრძოლებისთვის, რასაც ისინი ამ სახელმწიფოსთვის ეწევიან”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, თუ რამეზე დგას დღეს ქართული სახელმწიფო, ეს არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების ხშირად, ძალიან უსამართლო გარემოში წარმოებული შრომა და ბრძოლა. „განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ და ატარებდეთ საქართველოს სახელმწიფოს იდეას; ასევე, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ე.წ. საზღვრისპირა და ე.წ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მთავარი ამოცანა და გამოწვევა ჩვენთვის დღეს არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადავაქციოთ საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველ, სამართლიან და მათი ინტერესების დამცველ მთავარ მოკავშირედ, პარტნიორად. დღეს ასე არ არის. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ მიშელს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ერთგულ და გონიერ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც გაწიეს ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეუქცევადად დადგეს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. ბოლო თვეებში მათი გამოჩენილი ძალისხმევა განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე კრიზისში”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა უნდა დაიწყოს ტოტალიტარული მენტალობის გვერდზე გადადებით. „ან ყველაფერი ან არაფერი – სახელმწიფოში ასე არ ხდება. ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კომპრომისი, როდესაც ეს არის სახელმწიფოსთვის აუცილებელი, იმისთვის, რომ მთელი ძალისხმევა და ენერგია მივმართოთ იმ მიმართულებით, სადაც არ შეიძლება კომპრომისი. ეს არის გამოწვევები, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას – ოკუპაცია, მიტაცებული სახელმწიფო, სიღარიბე, განუვითარებლობა, უსამართლობა, უიმედობა და უთანასწორობა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი ქვეყნის განცდის დამკვიდრება. თუ არ იქნება სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ადამიანის დაბადებას და მოქალაქედ ჩამოყალიბებას სჭირდება დიდი პროცესი, რაც ერთბაშად არ ხდება. „ეს არის რთული, ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზა. თუ ჩვენს ქვეყანას შევხედავთ და მოვეპყრობით, როგორც დედა ეპყრობა საკუთარ შვილებს და არა, როგორც დედინაცვალი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.