ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ს ძმისშვილმა Sinopharm-ის ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, როცა ყოველდღიურად ადამიანების დაღუპვის შესახებ იგებ, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის. ამის შესახებ მან კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ისაუბრა.
“როგორც მოგეხსენებათ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით ნებაყოფლობითია ვაქცინაცია, თავისთავად ეს სხვადასხვა ქვეყნებშიც ასეც არის, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე, როცა განიცდი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ვაქცინაცია, პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად აღარ არის და ეს ამითაც იყო გამოწვეული”, _ თქვა მეუფე დიმიტრიმ.
ცნობისთვის, პირველი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც საჯაროდ აიცრა წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის დეკანოზი, გიორგი ჩაჩავა იყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ამ ფაქტს სამოქალაქო პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა და სასულიერო პირს მადლობა გადაუხადა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი კი, მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირია, რომელიც საჯაროდ აიცრა.