„მჯერა, რომ წარმატებას ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევა არ ქმნის, ის ყოველდღიური მცირე და დიდი მიზნების განხორციელებით მიიღწევა,“ – სწორედ ასე დაიწყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ონისე წულაიამ საკუთარი წარმატების ისტორიის შექმნა და ერთ კონკრეტულ დიდ მიზანსაც უკვე მიაღწია. ონისე პირველი ქართველია, ვინც „ნიუ-იორკის უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული გრანტი მოიპოვა და აშშ-ში კორპორაციული სამართლის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. ონისე წულაიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან დღემდე არაერთ გაცვლით პროგრამაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ გამოცდილებისა და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობის შედეგად კი დღეს, თსუ კურსდამთავრებული ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანია Sunbreath Corp. Legal Service-ში უფროს იურისტად მუშაობს.
იურისტი რომ გახდებოდა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში იცოდა, როდესაც პირველად პარლამენტის მოდელირებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია. როგორც ამბობს, იურისტის პროფესია შესაძლებლობას იძლევა უამრავ ადამიანს დაეხმარო და ქვეყნის სწორ სამართლებრივ რელსებზე დაყენების საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანო. ონისემ პროფესიული განვითარების გზა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა, სადაც სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლის პერიოდში სახელმწიფო სტიპენდიაც არაერთხელ მოიპოვა. სწავლასთან ერთად კი, აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობდა, რამაც ბევრი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა.
„ამ პროფესიას მრავალი ხიბლი აქვს. რთული მოცემულობიდან გამოსავლის ძიების პროცესი ადრენალინია, წარმატებით დასრულებას კი უდიდესი კმაყოფილება ახლავს თან. პირველ კურსზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი შესაძლებლობები მომეცემოდა. მიზნები და ოცნებები ნელ-ნელა გაჩნდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სტუდენტობის პერიოდი არის ის მოცემულობა ცხოვრებაში, რომელიც ყველაზე ნაყოფიერად უნდა გამოიყენო,“ – აღნიშნავს ონისე წულაია.
თავად სტუდენტობის პერიოდი რომ საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა, ამაზე მისი წარმატებები უკეთესად მეტყველებს. ჯერ იყო ლიმერიკის უნივერსიტეტი (ირლანდია), სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრით გაემგზავრა, შემდეგ აშშ-ის სამთავრობო სტიპენდია და ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასწავლებელი, სადაც ბაკალავრიატის საფეხურზე სრული დაფინანსებით სწავლობდა. მაშინ რთულად თუ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას მისთვის საოცნებო და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ უნივერსიტეტში NYU-ში გააგრძელებდა, რომელიც ყოველწლიურად მხოლოდ 50 წარმატებულ იურისტს იღებს. როგორც ამბობს, საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.
„გაცვლითი პროგრამები უნიკალური შანსია სტუდენტებისთვის გაეცნონ სხვა ქვეყნების სასწავლო გარემოს, გაიზარდონ პიროვნულად და გახდნენ დამოუკიდებლები. ნიუ-იორკში გაცვლითი პროგრამით ყოფნის დროს საგაზაფხულო არდადეგებზე ვეწვიე სახელგანთქმულ უნივერსიტეტებს, მათ შორის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტს. არც ერთ სხვა სასწავლებელს იმდენად დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, როგორც NYU-ს. მაგრამ როცა მაგისტრატურაზე სწავლის ღირებულება წავიკითხე, პირველი ემოცია გულისწყვეტა იყო. მიუხედავად დიდი სურვილისა, ქართული ეკონომიკა არასდროს მომცემდა საშუალებას დამეგროვებინა NYU-ში სწავლის ფული. თუმცა წამოსვლისას, NYU-ს კარს რომ ჩავუარე, ვკითხე ჩემს თავს „რატომაც არა?“. ეს ის გენიალური შეკითხვაა, რომელიც ხშირად უნდა დაუსვა საკუთარ თავს. 2017 წლის შემდეგ 4 წელი გავიდა და ამ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოვიპოვე,“ – იხსენებს თსუ კურსდამთავრებული.
სწავლის პარალელურად კი, სტუდენტობის პირველი დღეებიდან დღემდე სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული. პროფესიული ცოდნის გაღრმავებამდე, ჯერ უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კაფეში მიმტანის პოზიციაზე მუშაობდა, მოგვიანებით, ინგლისური ენის პედაგოგად, შემდეგ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ინგლისურენოვანი გიდი იყო და ამასთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროში დაქვემდებარებულ ერთეულებს მთარგმნელობით მომსახურებას უწევდა. იურიდიული კარიერა კი ონისემ ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანია Sunbreath Corp. Legal Service-ში დაიწყო, სადაც სამი წლის წინ სტაჟიორად მივიდა, დღეს კი უფროსი იურისტის პოზიციას იკავებს. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, იურიდიულ მომსახურებას უწევს პირებს, რომლებსაც იურიდიული ხარჯების დასაფარად სახსრები არ აქვთ.
„წამყვანი სპეციალისტი ვიყავი ქართული კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის საქმეში. ჩემს რეზიუმეში განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო მნიშვნელობისა და ორმაგი დანიშნულების მქონე პროდუქტის მწარმოებელ „მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ სააგენტოში“ ჩატარებულ რეორგანიზაცია/რესტრუქტურიზაციას. აღსანიშნავია, რომ ჩემი სასამართლო წარმომადგენლობის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი მნიშვნელოვანი და პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ. მიმუშავია განსაკუთრებით რთული კატეგორიის ბიზნეს დავებზე, რომელთა ღირებულება აჭარბებს რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს,“ – ამბობს ონისე წულაია.
მიაჩნია, რომ კერძო სამართლის დარგში მოღვაწე კარგ იურისტს სწორ სამართლებრივ აზროვნებასთან, დაკვირვებულობასა და სიფრთხილესთან ერთად, ფინანსებისა და ბიზნეს რისკების განჭვრეტის უნარიც სჭირდება. თავად უპირატესობა საკორპორაციო სამართალს მიანიჭა, რადგან თვლის, რომ აღნიშნული მიმართულება საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა, შრომით ბაზარზე კორპორაციული მართვის სპეციალისტებზე მოთხოვნა იზრდება და აუცილებელია, ქართული შრომითი ბაზარი ამ მოთხოვნას მომზადებული შეხვდეს. მომავალში კი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენებას გეგმავს.
„საქართველოში სამეწარმეო სამართალი საკმაოდ ახალგაზრდაა. ამერიკული გამოცდილების გამოყენებას საქართველოში ვგეგმავ. აქტიური პრაქტიკის პარალელურად, მინდა წვლილი შევიტანო იურიდიული ლიტერატურის განვითარებაში, ჩავერთო სალექციო ფორმატებსა და ტრენინგებში. ქართულ შრომით ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ათვისება სჭირდება,“ – აღნიშნავს ონისე.
კითხვაზე კი, რას ურჩევდა მათ, ვინც დღეს აკეთებს პროფესიულ არჩევანს თსუ კურსდამთავრებული პასუხობს:
„ესტუმრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დაესწარით ლექციებს, გაეცანით საუნივერსიტეტო გარემოს და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღეთ. ხშირად ჩვენს პროფესიაზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის აბიტურიენტებსაც, რეალობისგან განსხვავებული წარმოადგენა აქვთ. სტერეოტიპებზე დაყრდნობით პროფესიის არჩევა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. დაიჯერეთ საკუთარი თავის, დაისახეთ მიზნები და არ გაჩერდეთ.“
წყარო: tsu.ge