ძლიერმა ქარი, რომელიც ლანჩხუთში დღეს დილის საათებში მძვინვარებდა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
სტიქიის შედეგად ქალაქის ცენტრსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოთხრილია ხეები, გაწყვეტილია სადენები, დაზიანებულია გარე განათება, ასევე ნაგვის ურნები, რის გამოც კეთილმოწყობის და მომსახურეობის ცენტრის სამსახურის მობილური ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების დასუფთავება.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, გრიგალმა ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქის, შუხუთის, აცანის, ჩიბათისა და ჩოჩხათის ადმინისტაციულ ერთეულებში.
ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერიის სამსახურები ადგილებზე არიან გასულები და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგენენ.
ამ წუთებში მერიაში შეიქმნა სტიქიის ზარალის დამდგენი კომისია“, _ განმარტავენ მერიაში.