„ევროპული საქართველო“, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, _ ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.
„შესაბამისად, რაც აღარ არსებობს, ის შარლ მიშელის დოკუმენტს ვერ გაემიჯნება. ეს პარტია უკვე ყველასგან და ყველაფერისგან გაიმიჯნა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. მისი თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია.
პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გარდა, წინასაარჩევნოდ „ევროპული საქართველოს“ სტრატეგიაზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მიღბული გადაწყვეტილების შემდეგ, პარტია დატოვა ტარიელ ნაკაიძემაც. ის პარტიული სიის მეხუთე ნომერი იყო. მან სადეპუტატო მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტის წევრი იქნება.