“ჯერ მარტო ბებიის სახეს დააკვირდით, წაშლილია ქალი, წაშლილი, მისთვის რაიმეს კითხვა შეიძლება საერთოდ ასეთ მდგომარეობაში?” _ ასე ეხმიანება ლანჩხუთელი მე-11 კლასელი გოგონას, მარიამ გეგუჩაძის მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ საქმეს ფრთხილად და პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყრათ ამ საქმეს, რომ სწორი და ობიექტური მსვლელობა მიეცეს საქმის გამოძიებას და გავიდეთ იმ ნამდვილ მიზეზზე, რომელმაც გოგონა ამ ზომამდე მიიყვანა და ამით იქნებ სხვისი შვილების გადარჩენა მაინც შევძლოთ!
„გაუბედურებული ბებია, რომელმაც 2005 წელს 24 წლის შვილი მიწას მიაბარა და სასაფლაოდან დაბრუნებული შვილიშვილის აკვანს მიუჯდა, სიცოცხლე კი მხოლოდ იმისთვის გააგრძელა, რომ ბავშვისთვის ეპატრონა და მის გამო ეცოცხლა; ბებია, რომელზეც შავი ფერის გარდა ჯერ სხვა სამოსი არ დამინახავს, ნასკიც კი არ ცმია სხვა ფერის, გაუბედურებული დგას და პასუხობს ჟურანლისტებს, სადაც ამბობს, რომ მამამ საყვედური უთხრა ბავშვს ტელეფონის ხშირი გამოყენების გამო და ამაზე ცდილობენ საქმის მთელი მსვლელობის აგებას.
შვილს რომ ეტყვი, შვილო, გადი გარეთ, ბავშვებთან, მეგობრებთან, სულ ტელეფონში რა გინდაო, ეს არ არის ძალადობა. რა ვქნათ ახლა, გაუბედურებული ბებიის სიტყვას გამოვეკიდოთ, რომ იურიდიულად გამართული ტერმინებით ვერ საუბრობს?
ისედაც წამხდარ ოჯახს კიდევ ეს უნდა ახლა, თუ რომ დავეხმაროთ გამოძიებას, საქმის წარმოება ობიექტურად და მიუკერძოებლად განახორციელოს, რომ გავიგოთ რეალური მიზეზი, რამაც ბავშვს ამისკენ უბიძგა.
რატომ არ წარმართავთ საქმის ძიებას, რაღაც საშინელი თამაშები რომ არსებობს (ლურჯი ვეშაპი და სხვ.) და უამრავმა ბავშვმა სიცოცხლე რომ თვითმკვლელობით დაასრულა, ამ მიმართულებით? თუ არ აწყობს ეს სახელმწიფოს, რადგან არაფერს არ აკეთებს ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, ალბათ იმიტომ, რომ შემოსავლის დიდ წყაროს დაკარგავენ ამით.
დაკითხვაზე ჰყავდათ ქეთის კლასელები, ახლობლები, ნათესავები, რატომღაც ყველასთან იგივე შეკითხვა განმეორდა მამასთან დაკავშირებით.
მე გეტყვით, როგორი მამაა თემური. დღე და ღამე რომ გაერთიანებული ჰქონდა და აქვს შრომაში, რომ ბავშვებს რაიმე არ მიაკლოს. ბევრი დედა ვერ გაუკეთებდა შვილს იმას, რასაც თემური უკეთებდა ბავშვებს და ნებისმიერმა შვილმა ინატროს ასეთი მამა. ჩემს თვალწინ, ჩემს ხელებში გაიზარდა ქეთი, ჩემი ბიძაშვილის შვილია და ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, მისთვის ვინმეს ხმამაღლა რამე ეთქვას, პირიქით, მამამისი და ბებიამისი ტკივილს ქეთის მეშვეობით ინელებდნენ და ქეთისა და გიასთვის ცხოვრობდნენ აქამდე, პატიოსანი შრომით, საკუთარი ოფლით, ხშირად რომ თავად მშივრები დაწოლინან, ოღონდ ბავშვებისთვის არ მოეკლოთ რამე…” _ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ახლობელი.