დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართა საწარმო “გულისტანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, 28-ე დღეა აღნუშნილი საწარმოს მუშები გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნებია: ხელფასების მატება და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება.
სოლიდარობის აქციაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები და “ბორჯომის“ თანამშრომლების ერთი ნაწილი ჩამოვიდნენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, არ გამორიცხავს, რომ აქცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს თუ კომპანია, არ მიიღებს მუშებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას.
ირაკლი პეტრიაშვილი: “მე გავახმოვანებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პოზიციას და ამ პოზიციას სრულად ვეთანხმები: ეს არის მშვიდობიანი დიალოგი დამსაქმებელთან. საქართველოს კანონმდებლობის იგნორირება არ აქვს არავის. ამ ხალხს კონტრაქტით ჰქონდა ხელფასი ერთი და ხელზე იღებდნენ სხვა თანხა, რაც დაუშვებელია და ეს პირობები უნდა შეიცვალოს დასაქმებულების სასარგებლოდ.
ეს არის გაფრთხილება და ვეუბნებით “გულისტანის“ წარმომადგენლებს აუცილებლად შეასრულონ მუშების მოთხოვნები. თუ შაბათამდე არ მოხდა ამ პირობების შესრულება, აქ უფრო ბევრი ადამიანი შეიკრიბება.“
გელა ქადიეშვილი, აქციის მონაწილე: “იყო შეხვედრები ამ 28 დღის განმავლობაში, მაგრამ ეს მცირედი შეხვედრები ჩვენთვის დადებითად არ დასრულებულა და არაფერი გადაწყვეტილა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ ვაპირებთ გარანტიების გარეშე დავბრუნდეთ ჩვენს ადგილზე. დღევანდელი დღე იყო სოლიდარობის და ყველა მათგანს მინდა გადავუხადო მადლობა, რომ ჩვენს გვერდში არიან და ბოლომდე დაგვიდგებიან.“
ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების სახელით და “ბორჯომის“ თანამშრომლების ერთმა ნაწილმა გაფიცულ მუშებს ასევე კონკრეტული თანხა გადასცენ სოლიდარობის ნიშნად.
შოთა კიკნაძე, კომპანია“ ბორჯომის“ თანამშრომელი: ჩვენ ეს გზა უკვე გამოვიარეთ და რამდენი დღის წინ ჩვენც ასევე ვიყავით პროტესტის რეჟიმში. სოლიდარობას დიდი ძალა აქვს და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს, რომლებიც ამ წუთას გაფიცულებები არიან ფინანსურად დავეხმარეთ.“