დღეს, ოზურგეთში, პოლიტიკური გაერთიანება „ პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, შოთა გოგიბერიძემ ბრიფინგი გამართა.
როგორც თავად აღნიშნა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ოზურგეთელ მოქლაქეთა ჯგუფს, რომელმაც საკრებულოში ინიციატივა შეიტანა, 1928 წელს ოსმალთა წინააღმდეგ, სისხლისმღვრელ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ, 37 გურულის ქანდაკების დადგმის თაობაზე.
_ამ ინიციატივას, რომელიც ოზურგეთელი ღვაწლმოსილი ადამიანის, კოტე შავიშვილის და მის მეგობართა ჯგუფის მიერ გაჟღერდა, „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს უჭერს. ვიტყვით იმასაც, რომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათ ფინანსური რესურსის მოძიებაში. ეს ქანდაკება დაიდგმება სოფელ ოზურგეთის ძმათა სასაფლაოზე. გვინდა ყველა ოზურგეთელს, ყველა პატრიოტს მივაწვდინოთ ხმა ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. ასევე ვიტყვით, რომ ჩვენ ვარსებოთ, ვიბრძვით და მუდამ ვიბრძოლებთ ეროვნული ღირებულებების დაცვისთვის. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, _ თქვა გოგიბერიძემ და ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.
მან ასევე გაიხსენა პოლიტიკურ გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივის შესახებ, როცა ისინი სვამდნენ საკითხს, რომ მორატორიუმი უნდა გამოცხადებულიყო უცხოელთათვის ქართული მიწების მიყიდვის თაობაზე.
_პარლამენტს ეს რომ ყურად ეღო, ახლა ნამახვანის გარშემო, შესაძლოა, არ ყოფილიყო ასეთი ამბავი, _თქვა მან.