ტვ პირველის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, სადაც სხვა მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.
ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრს მიმართა.
„ეს არის სიბინძურე, ფსკერი, ლექსოს წარსულში ქექვა. არ ნახეთ, ხალხო?
ამდენმა ჟურნალისტმა არ ნახეთ, როგორ ცემდნენ ლექსოს? რა მნიშვნელობა აქვს, შენ წარსულში ჯარიმა გაქვს გადახდილი, თუ არა. არ ნახეთ, ყბის ძვლები რომ ჩაუმტვრიეს ლექსოს? ტრი ტრი არ გამოგივა, ბიჭო! არ გამოგივა!
მე შევპირდი ლექსოს, სანამ გარდაიცვლებოდა 2 დღით ადრე, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთქო.
ახლა ნამდვილად, მერამდენედ ვიმეორებ, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო მისი უფლებებისთვის. ხოდა აქ ვდგავარ, ტრი-ტრი მეცხრედ გეუბნები, დამინახავ, ბევრჯერ დაინახავ ტვ პირველის ან სხვა თავისუფალი მედიის სახეს შე მოძალადე პრემიერო. დღეს როგორ დაგვადანაშაულა, ხალხო!
იცით, რა მაინტერესებს?! პროტესტი არ გაგიჩნდათ?! მედია, თქვენ ოპერატორებმა, ვინც გუშინ სოლიდარობის ნიშნად ახვედით და კამერები დადეთ, არ გაგიჩნდათ პროტესტი პრემიერმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში რომ დაგადანაშაულათ?!
გაგიჩნდეთ პროტესტი, მედიაზე დიდი ძალა ამ ქვეყანაში არავის აქვს”, _ განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო ატივისტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.
ავტორი: მერაბ ცაავა