ბესიკ თოდუა, რომელიც ახალგაზრდა ყაზახი ქალის აისელ აიპტაევას გაუპატიურების ბრალდებით იყო დაკავებული, გუშინ გარდაიცვალა, _ ამის შესახებ თოდუას ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი ბ.თ, რომელიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ იყო დაკავებული გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, _ წერს ადვოკატი.
გავრცელებული ინფორმაციით, თოდუა პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს
ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
შეგახსენებთ, ყაზახეთის მოქალაქემ, 26 წლის აისელ აიპტაევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თოდუა დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს.