საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს, სადაც, დღის განმავლობაში, საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს.
იქამდე, შარლ მიშელს ოპოზიციონერებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა შეხვედრები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას.