“ამ დროისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ლამბდა შტამი უფრო აგრესიულია, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტები, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ლამბდას” საფრთხე უნდა გავითვალისწინოთ, მისი გამორჩეული თვისებაა _ ეს ვარიანტი შეიცავს სპაიკ ცილის რამდენიმე მუტაციას, რომელიც ვირუსის სწრაფად გავრცელების უნარზე გავლენას ახდენს”, _ მეცნიერების ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ამოიკითხავთ Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
მართალია, მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციას ვირუსის მუტირებული ვერსია “შეშფოთების გამომწვევი შტამების” სიაში ჯერ არ შეუყვანია, თუმცა, “საფრთხისშემცველად” ასახელებს და მის შესახებ აქტიურ კვლევებს იწყებს.
“ლამბდა” შტამი იგივე ლათინოამერიკული ვარიანტია, რომელიც პირველად 2020 წლის ბოლოს ჩილეში, პერუში, ეკვადორსა და არგენტინაში დაფიქსირდა. ამის შემდეგ ის მსოფლიოს 27 ქვეყანაში აღმოაჩინეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
მკვლევრების შეშფოთებამ კი მას შემდეგ მოიმატა, რაც WHO-ს მონაცემების მიხედვით დადასტურდა, რომ პერუში ინფიცირების შემთხვევების 82 პროცენტი სწორედ ეს შტამი აღმოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერუ ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება _ ქვეყანაში დღემდე კოვიდით გარდაცვალების 192 687 შემთხვევა აღირიცხა.
მიმდინარე წლის 15 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ “ლამბდას” შტამი კლასიფიცირდა, როგორც საყურადღებო ვარიანტი და მისი სიმპტომებიც მალევე დაასახელა.
აღმოჩნდა, რომ ისინი არ განსხვავდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი დომინანტი სიმპტომებისგან და ძირითადი ჩამონათვალი ასე გამოიყურება _ სხეულის ტემპერატურის მატება, გართულებული ხველა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.
მიუხედავად იმისა, რომ სირთულის ხარისხით “ლამბდა” შტამს, ჯერჯერობით, არ განიხილავენ ალფას, ბეტას, გამასა და დელტა შტამებს შორის, მას მაინც ახასიათებენ, როგორც უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ვარიანტს.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული შტამი შეიცავს სპაიკ ცილის რამდენიმე მუტაციას, რომელიც ვირუსის გავრცელების ხარისხზე გავლენას ახდენს.
“ლამბდას აქვს სპაიკ ცილის მუტაციის უნიკალური ნიმუში, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. განსაკუთრებით საინტერესოა ერთ–ერთი მუტაცია – L452Q, რომელიც L452R-ის მსგავსია, სწორედ ამ უკანასკნელზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის ხელს უწყობს ვირუსის “დელტა” ვარიანტის მაღალ ინფექციურობას“, _ ამბობენ მკვლევარები.
სანტიაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს და “ლამბდას” ქცევა შეისწავლეს _ აღმოჩნდა, რომ ეს შტამი უფრო ინფექციურია, ვიდრე “გამა” და “ალფა” და გაცილებით უკეთ შეუძლია, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს დააღწიოს თავი, შესაბამისად, პირველადი მონაცემებით, მეცნიერების დასკვნა ასეთია:
“ლამბდას ვარიანტის მწვავე პროტეინში არსებული მუტაციები ანტისხეულების განეიტრალებას და ინფექციის ზრდას იწვევს”.
გასული წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც ლათინოამერიკული შტამი პირველად პერუში გამოვლინდა, ის აღმოჩნდა 200 ნიმუშიდან მხოლოდ ერთში;
მიმდინარე წლის მარტში კი, ანუ დაახლოებით 3 თვეში, პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ “ლამბდა” შტამი შესწავლილი ნიმუშების 50 პროცენტს შეადგენდა;
ივნისში მონაცემი საგრძნობლად გაიზარდა და შესწავლილი შემთხვევების 80 პროცენტი სწორედ ამ ვარიანტს უკავშირდება.
ვირუსის “ლამბდა” ვარიანტი გავრცელებულია ჩილეშიც, სადაც ახალი შემთხვევების თითქმის მესამედი სწორედ ამ შტამს წარმოადგენს.
მონაცემების მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს შტამი ნაკლებად საფრთხისშემცველია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და ინდოეთში აღმოჩენილი მუტაციები, თუმცა, იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მონიტორინგი მაინც უმნიშვნელოვანესია.
ლათინური ამერიკა პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია. კონტინენტზე, რომელზეც გლობალური მოსახლეობის მხოლოდ 8 % ბინადრობს, მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხული კოვიდშემთხვევების 20 % მოდის.
ლათინურ ამერიკაში გენეტიკური კვლევის ობიექტების ნაკლებობა ართულებს იმის ცოდნას, თუ რამდენად მართავდა “ლამბდა” ვარიანტი რეგიონში ეპიდვითარებას და არის თუ არა მისი დამსახურება ვირუსის უკონტროლო გავრცელება.
ბოლო კვირების განმავლობაში, ინფიცირებულთა რიცხვმა საგანგაშოდ იმატა კოლუმბიაში, პარაგვაისა და ურუგვაიშიც.
დღეს უცხოური მედიასაშუალებები წერენ, რომ “ლამბდა” შტამი უკვე ავსტრალიაშიც აღმოაჩინეს.
“ეს შემაშფოთებელია, რადგან შესაძლოა მუტირებული ვარიანტი “დელტა” შტამზე ინფექციურიც კი იყოს. ლათინოამერიკული ვარიანტი აოცებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რადგან ოთხი კვირის განმავლობაში ის თითქმის 30 ქვეყანაში გავრცელდა”, _ წერენ უცხოური ონლაინგამოცემები და აღნიშნავენ, რომ ავსტრალიაში ეს შტამი დაუდასტურდა მოგზაურს, რომელიც კარანტინს აპრილში, ახალ სამხრეთ უელსის ერთ-ერთ სასტუმროში გადიოდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეპიდემიის კონტროლის მცდელობა ვირუსის გავრცელების კონტროლისა და შემთხვევების შემცირების პირდაპირპროპორციულია, ამიტომ წამყვანი ლაბორატორიების კვლევებში აქტიურ ჩართვას ითხოვენ.
NYU Grossman-ის მედიცინის სკოლის წინასწარი კვლევის მიხედვით, შესაძლოა ვაქცინებმა ამ ვარიანტის წინააღმდეგაც მაღალი ეფექტიანობა აჩვენოს, თუმცა, კვლევა ჯერ არ დასრულებულა და პანდემიური მსოფლიოც საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ელის.