ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი „ქართული ოცნების“ მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ავტორები არიან ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა იმედების გამაცრუებელი იყო. მათივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა სწორედ, მმართველ გუნდს ეკისრება.
განცხადებაში სენატორები, ასევე წერენ, რომ საქართველოს დემოკრატიის მარცხით მხოლოდ კრემლი ისარგებლებს.
“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ძირს უთხრის იმ რეფორმების ძალისხმევას, რასაც 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა. ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით მუშაობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გზას გაუხსნიდა სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. იმედგამაცრუებელი იყო, რომ ყველა პარტიამ არ მოაწერა ამ შეთანხმებას ხელი ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა ის.
ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, კიდევ უფრო იმედგამაცრუებელი იყო ის, რომ ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გამოვიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მმართველი პარტიის ვალია, რომ განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველს მოუტანს სარგებელს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლები, მოგიწოდებთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ოქტომბერში, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გახორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხმა შესაძლოა გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი იხეირებს“, – წერენ სენატორები.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ, 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ, აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
ავტორი: მერაბ ცაავა