დღეს, ოზურგეთში, გმირების სახელობის პარკში გამართულ აქციაზე, აქ მოსულ თანამოაზრეთა ჯგუფს მიესალმა „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის ყოფილი თავმჯდომარე, შოთა გოგიბერიძე.
_ დღეიდან ჩვენ ვაფუძნებთ „სახალხო პარტიას“, რომლის შემადგენლობაში პირველ ეტაპზე შევიდა „პატრიოტთა ალიანსი,“ ასევე გამოცდილი და „ქართული ოცნებიდან“ გადმოსული ადამიანები. ჩვენ ვქმნით ამ პოლიტიკურ ჯგუფს იმიტომ, რომ ბევრი ცვლილებაა გასახორციელებელი. „სახალხო პარტიას“ ეხმარება და სათავეში უდგას გამოცდილი ახალგაზრდა სოსო გოგაშვილი, _ განაცხადა შეხვედრაზე შოთა გოგიბერიძემ.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, თუ რატომ დატოვა „პატრიოტთა ალიანსი“, რომლის ერთგულებაზეც ფიცს დებდა, გოგიბერიძემ თქვა, რომ ახლაც პატივს სცემს მათ:
_ რა თქმა უნდა, ახლაც დიდ პატივს ვცემ. თუმცა, შეიცვალა ჩვენი შიდა ხედვები, განსაკუთრებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლა გვსურს დავამკვიდროთ ეს პარტია გურიის პოლიტიკურ რუკაზე.
კიდევ ერთ კითხვაზე _ აპირებენ თუ არა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მან თქვა, რომ არა მარტო პარტიული სიით, არამედ მაჟორიტარი კანდიდატიც, შესაძლოა, წარადგინონ.
_ დიახ, პარტიული სიით ვაპირებთ ყველგან მონაწილეობას, სამივე მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ოზურგეთის სიას, პირველი ნომერი მე ვიქნები. ასევე, შეიძლება, მაჟორიტარი კანდიდატებიც დავასახელოთ, _ გვითხრა გოგიბერიძემ.
[sexy_author_bio]