მეორე დღეა ჩოხატაურში გადაუღებლად წვიმს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, დაზიანებისა და ზარალის შესახებ განცხადებით, ჯერჯერობით, არავის მიუმართავს.
თუმცა, როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან” ამბობენ, ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია.
“გადაიღეთ, რა ხდება ქუჩებში. ვერ გაივლის ადამიანი”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურელები, რომლებსაც დაბის ცენტრში მიმდინარე სამუშაოების გამო უკვე დიდი ხნის გადათხრილი ქუჩები დისკომფორტს უქმნის.
როდის დასრულდება ჩოხატაურის დაბის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, კომენტარისთვის “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი-საჯარო დაწესებულების II სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს გიორგი ბერძენიშვილს დაუკავშირდა.
“დაბის კეთილმოწყობის სამუშაოები 2-წლიანი პროექტია, დაყოფილია ეტაპებად. პირველი ეტაპის ვადა სექტემბრის ბოლოს სრულდება. ეს კომპანია ასრულებს სამუშაოებს ოზურგეთშიც და ლანჩხუთშიც. პროექტი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის _ “განახლებული რეგიონები”, ფარგლებში მიმდინარეობს. რაც შეეხება გზას, ხელშეკრულება ივნისშია დადებული და 6-თვიანი ვადა აქვთ განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისთვის”, _ გვითხრა გიორგი ბერძენიშვილმა.