ქალაქ ოზურგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები მეორე აქციის ჩატარებას აანონსებენ.
როგორც ცნობილია, ოზურგეთელი გიორგი გოგოტიშვილი პოლიციელებმა ბახმაროში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას შარვლის ჯიბეში 17 აბი სუბოტექსი აღმოაჩნდა.
გიორგის მშობლები და მეგობრები აცხადებენ, რომ მას ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ აქვს და 17 აბი სუბოტექსი ჩაუდეს.
“ძვირფასო საზოგადოებავ, ჩვენ მიერ ჩატარებულმა აქციამ, რომელიც 5 სექტემბერს გაიმართა, ლოზუნგით: ,,არა ჩადებას! ” ,,არა ძალადობას! ” ,,თავისუფლება უდანაშაულო გიორგი გოგოტიშვილს”! _ არანაირი შედეგი არ გამოიღო. იძულებულნი ვართ, გავმართოთ მორიგი აქცია. გიხმობთ ყველა გულშემატკივარს, სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს, ეს იქნება: პოზიცია, ოპოზიცია, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, – დავდგეთ ერთად უსამართლობის წინააღმდეგ ! აქცია გაიმართება კვირას 26 სექტემბერს, ჭადრების ბაღში, დღის 2-სთ-ზე! “ – წერს ფეისბუქზე გიორგი გოგოტიშვილის დედა ეკა ნანავა.
გიორგი გოგოტიშვილის მხარდასაჭერი აქცია პირველად 5 სექტემბერს გაიმართა.
“მოვითხოვთ, პროკურატურამ ჩახედოს სიმართლეს თვალებში, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები. მმართველი პარტიის მაქსიმალურ ჩართულობას და შუამდგომლობას პროკურატურასთან“ – ეს მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე.
გიორგის სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს გაიმართა. მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი გოგოტიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. საქმე აღძრულია სისხლი სამართლის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ა პუნქტით, რაც ნიშნავს ნარკოდანაშაულს და 353 მუხლის პირველი ნაწილი – წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისადმი. საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
ამავე თემაზე:“დამიბრუნეთ ჩემი მოტაცებული შვილი“
[sexy_author_bio]