ოზურგეთში, ჭადრების ბაღში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს სახელწოდებით _ ,,არა ძალადობას”, ,,არა ჩადებას”. აქციის ორგანიზატორების თქმით, 21 წლის გიორგი გოგოტიშვილს 17 აბი ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსი ჩაუდეს.
ოჯახის წევრების თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, კურორტ ბახმაროში მოხდა, მაშინ, როდესაც გიორგი გოგოტიშვილი კოვიდტესტის რიგში იდგა.
ახლობლების თქმით, უცნობმა პირებმა ის ავტომობილით ისე გაიტაცეს, რომ ფაქტი თანმხლებ პირებს არ დაუფიქსირებიათ. რამდენიმე საათი შემდეგ კი შეიტყვეს, რომ გიორგი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
„გიორგი არასდროს ყოფილა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. ყველაფერს აკეთებდა ნარკომანიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფობია ჰქონდა ნემსის და არცერთი პრეპარატი ინექციის სახით სამედიცინო დანიშნულებითაც კი არ მიუღია. შემოგვიერთდეს ვინც იჩაგრება. ჩვენი მთავარი მიზანია გიორგის თავისუფლება. „არა ჩადებას“, „არა ძალადობას“. ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობაა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ, რომელიც არის ჩვენი ძალა ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად.
მოვითხოვთ, პროკურატურამ ჩახედოს სიმართლეს თვალებში, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები. მოვითხოვთ მმართველი პარტიის მაქსიმალურ ჩართულობას და შუამდგომლობას პროკურატურასთან“, _ განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქილიფთარმა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა გიორგის კლასელი ავთო თავდიშვილი:
“ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანებს იჭერენ, მაგრამ საპროტესტო აქციები მას არ მოჰყვება. დღეს სხვა რეალობა გვაქვს, მაშინ, როცა ცოცხალი მოწმეები არიან, თუ როგორ გააქრეს ახალგაზრდა ბიჭი ჩოხატაურიდან, შემდგომ თურმე აღმოჩნდა ბახმაროში, დანის ტრიალითა და 17 აბი სუბოქსინით (რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აჭარბებს), ძალიან უცნაურია. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი 4 პოლიციელს 25 წუთს განმავლობაში სცემდა, ბახმაროს ცენტრალურ უბანში, მეგობრობის ქუჩაზე. ამ ყველაფრის მოსმენის შემდგომ რა უნდა ვიფიქროთ გარდა იმისა, რომ გიორგის ბედი სხვებმა გადაწყვიტეს. ამ და კიდევ სხვა ფაქტების შემდგომ, ცხადია, რა რეალობის წინაშეც ვართ. ზუსტად ეს არის მიზეზი ჩემი აქციაზე ყოფნისა, თავისუფლება გიორგის!“ _ თქვა ავთო თავდიშვილმა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს.
აქციაზე, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებს გიორგი გოგოტიშვილის დაკავების შემდეგ მისი საცხოვრებელი ბინა და სახლი არ გაუჩხრეკიათ.
“პირდაპირ ასე ვიტყვი, რომ დამიბრუნონ ჩემი მოტაცებული შვილი, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არავის მიმართ. არანაირი ჩხრეკა არ მომხდარა არც ქალაქში და არც _ სოფელში“, – თქვა ეკა ნანავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ავთო გოგოტიშვილი, გიორგის მამა: “თურმე ჩემი შვილის დაკავება ვერ მოახერხეს პოლიციელებმა. როგორც გავიგე, თურმე 25 წუთი სცემდა პოლიციელებს. ეს ხომ სიცრუეა, როგორც ის ფაქტი, რომ მას 17 აბი სუბოტექსი ჰქონდა. ამ ზღაპრების არავის არ სჯერა“, – თქვა აქციაზე ავთო გოგოტიშვილმა.
სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს გაიმართა. მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი გოგოტიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. საქმე აღძრულია სისხლი სამართლის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ა პუნქტი, რაც ნიშნავს ნარკოდანაშაულს და 353 მუხლის პირველი ნაწილი – წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისადმი. საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის მოთხოვნა და არ იქნება ერთ კვირაში ის გათავისუფლებული, როგორც დაკავებულის ახლობლები ამბობენ, აქციების ახალი სერია დაიწყება.
ამ ეტაპზე გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები მედიასთან არ საუბრობენ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილი გიორგი გოგოტიშვილის დაკავების მიზეზი.
[sexy_author_bio]