ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩამონგრეულ სადარბაზოს პირველ სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი კომერციული სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.
მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ სადარბაზოში, დანარჩენ 5 სართულზე 15 ოჯახი ცხოვრობდა. ლელა სურმანიძის თქმით, ამ სახლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე – დაშენება, სარემონტო სამუშაოები, ნებართვა გაცემული არ ყოფილა.
დღეს ბათუმში მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში დაახლოებით 12 საათზე 6-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.
ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ჯერ არავინ ამოუყვანიათ.