ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოასვენეს. ესაა მეცხე ცხედარი, რომელიც სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს.
დილით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა, რის შემდეგაც, ნანგრევებში ორი ადამიანის – დედისა და მისი მოზარდი შვილის ცხედრები იპოვეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი მკურნალობას აგრძელებს – კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.