კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თქმით, მისი დინამიკა დადებითია. ის უკვე კონტაქტურია.
„მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. დღეს ის დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა, ყოველ საათში ვამოწმებთ იმ სასიცოცხლო ფუნქციებს, რომლებიც დარღვეული იყო შემოყვანისას. რა თქმა უნდა, ველოდებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ჯერ რჩება რეანიმაციაში, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, მაგრამ – სტაბილური“, – აღნიშნავს „მედცენტრის“ დირექტორი მედეა ქაჯაია.
ის ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.