22 წლის სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში პირველი ქულები მიითვალა _ პირველად ჩააგდო 3-ქულიანი და “მაიამისთან” საგარეო მატჩში ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ქართველმა 27,20 წუთი ითამაშა და ამ დროში საკუთარ აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში “მილუოკი” სასტიკად შერცხვა და 42-ქულიანი სხვაობით წააგო _ 137:95.
ცოტა ხნის წინ უკრაინაში, “მეტალისტი 1925”-ში გადასული საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველიას დებიუტი, ალბათ, უახლოეს დღეებში შედგება. ხარკოველთა მთავარი მწვრთნელი ვალერი კრივენცოვი დარწმუნებულია, რომ 29 წლის ქართველი ფეხბურთელი ფორმაში შედის და უახლოესი მატჩებისთვის მზად იქნება.
“საბა ფორმაში დგება. გასაგებია, რომ სასწაული არ ხდება. როდესაც მოთამაშე ივნისიდან სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, გარკვეული დროა საჭირო. მომზადების პროცესის ფორსირებას მასთან ერთად ვახდენთ. იმედი გვაქვს, რომ მისი გამოცდილება და თამაშის ხედვა, უკვე უახლოეს მატჩებში ძალიან გამოგვადგება”, _ განაცხადა “მეტალისტი 1925”-ის თავკაცმა.
ალბათ, გახსოვთ უახლოეს წარსულში თბილისის “დინამოს” ჯერ მოთამაშე, მოგვიანებით კი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი. ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინგლისურ “უოტფორდს” ედგა სათავეში. ამჟამად ჩისკო დროებით უმუშევარია. გუშინ მან გამოცემა “AS”-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და “ვალენსიას” ქართველ კარის დარაჯ გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან მამარდაშვილი თბილისის “დინამოში” ორი წლის განმავლობაში, ჩისკოს თბილისში ყოფნის პერიოდში ირიცხებოდა.
“როდესაც მამარდაშვილთან ურთიერთობის საშუალება მქონდა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა, მისი ხასიათი ყოველთვის მომწონდა. პირველივე დღიდანვე ნათელი იყო, რომ გიორგის განვითარებისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა, მისი შესაძლებლობები კი თავიდანვე სჩანდა. ის იმ დონის მეკარეა, რომელიც “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში გამოადგება”, _ განაცხადა ჩისკომ.
“ვალენსიაში” კი დიდი ვნებათაღელვაა. გუშინ გამოცემამ “deportevalenciano.com” დაწერა, რომ გუნდს მეკარის პრობლემა აქვს და ის იანვარში აუცილებლად უნდა მოაგვაროს. პრობლემა ცოტა უცნაურია _ კლუბში ერთდროულად 4 კარის დარაჯია: სილესენი, მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო. ამჟამად იასპერ სილესენი თამაშობს და ალბათ ასეც გაგრძელდება, ხაუმეს კი სათადარიგოს როლის შესრულება შეუძლია. გუნდში საკმარისია სამი მეკარის ყოლა, ამიტომაც, უნდა გადაწყდეს, რა ბედი ეწევათ მამარდაშვილსა და რივეროს. ორივე ახალგაზრდაა და შესაძლებელია, რომ ისინი ყოველ კვირა არ თამაშობდნენ.
ვებგვერდის აზრით, სჯობს, გუნდმა კრისტიან რივერო გაანათხოვროს, რაც შეეხება მამარდაშვილს, რომელიც თავიდან გუნდმა სარეზერვო გუნდში, “ვალენსია მესტალიაში” სათამაშოდ აიყვანა იჯარით, სჯობს, მან ისევ პირველ გუნდში ივარჯიშოს და “მესტალიაში” სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
“თუკი დრო გავა და მამარდაშვილს სათამაშო დრო არ მიეცემა და ის დარჩება სათადარიგოთა სკამზე, მან რომ “მესტალიაში” ითამაშოს, არ იქნებოდა ცუდი. ყოველ შემთხვევაში ამ გუნდის თავკაცმა მიგელ ანხელ ანგულომ უკვე გამოთქვა სურვილი, გიორგი სარეზერვო გუნდში ათამაშოს. ასე რომ, ეს საკითხი კლუბში უკვე დაყენებულია”.
“მესტალია” ტერსერა დივიზიონ RFEF-ში თამაშობს (რანგით მე-5 დივიზიონი ესპანეთში). 8 ტურის შემდეგ 17 ქულით (7 თამაშიდან) დივიზიონის ლიდერია და მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული. ამ გუნდის კარს ხუანხო გარანჩო და ჩარლი იცავენ. გუნდშია ბულგარელი მეკარე დავიდ ვასილიევიც. ასე რომ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად გიორგი მამარდაშვილს ბევრი ოფლის ღვრა მოუწევს.
ჟოზე მოურინიო კი საქვეყნოდ შერცხვა. “უეფას” “კონფერენს ლიგის” მე-3 ტურში “რომა” ნორვეგიაში “ბოდო გლიმტს” ფავორიტის რანგში ესტუმრა, მაგრამ კატასტროფული მარცხი განიცადა _ 1:6.
“რომამ” სეზონი კარგად კი დაიწყო, მაგრამ მოულოდნელი “ისტორიული” მარცხი განიცადა. ზოგადად, “რომასთვის” მსგავსი ანგარიშებით წაგება “სიახლე” არ არის. ადრეც ყოფილა მსგავსი “გაკვეთილები” _ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ორჯერ (1:7 და 2:6), “ბარსელონასთან” (1:6), “ფიორენტინასთან” (1:7) და “ბაიერნთან” (1:7).
მატჩის დასრულების შემდეგ ნირწამხდარმა ჟოზე მოურინიომ შემდეგი განცხადება გააკეთა:
“ჩემი პასუხისმგებლობაა _ მე გადავწყვიტე ამ გუნდით თამაში. მქონდა კარგი განზრახვა, მინდოდა მიმეცა თამაშის შანსი მათთვის, რომლებიც ბევრს შრომობენ და ბევრს არ თამაშობენ და დასვენების საშუალება მიმეცა იმ ხალხისთვის, რომლებიც აქამდე მუდმივად თამაშობდნენ. სინთეტიკურ მოედანზე, ამ კლიმატურ პირობებში ბევრი ფეხბურთელის დასვენება გადავწყვიტე. დავმარცხდით გუნდთან, რომელსაც ჩვენზე მეტი ხარისხი ჰქონდა. ჩვენი შემადგენლობა, რომელიც ძირითადში იყო, ნაკლებ ხარისხიანია, ვიდრე “ბოდო გლიმტის” სასტარტო შემადგენლობა.
ყოველთვის ერთი და იგივე ფეხბურთელებით თამაში რომ შემეძლოს, ვითამაშებდი. ჩვენს გუნდში დიდი განსხვავებაა ხარისხობრივად ერთ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის. ვიცი, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ლიმიტი აქვს, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ მაინც მათგან სხვა პასუხს ველოდი. ჩემი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობაც მე მეკისრება. ცხადია, ეს ისტორიული მარცხია, რადგან კარიერაში არასდროს გამიშვია 6 გოლი. პრობლემა ის კი არ არის, ახლა მე რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, არამედ პრობლემა ბიჭებშია”, _ თქვა მოურინიომ.
[sexy_author_bio]