იზოლდა სალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში შვილებთან ერთად ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი, 34 წლის გიორგი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
ქალბატონი იზოლდა „გურია ნიუსს“ ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა და თავისი პრობლემის შესახებ უამბო.
„წამოდით, საკუთარი თვალით ნახეთ, რა მდგომარეობაშია გზა. როცა არჩევნებამდე სოფელში შეხვედრებს მართავდნენ, მაშინ ვითხოვე, რადგან სოფელში გზა კეთდება, ეს მცირე მონაკვეთიც იქნებ როგორმე გააკეთოთ, რომ ეტლით გადაადგილება მაინც შევძლო ამ გზაზე ჩემი შვილის-მეთქი. მაშინ მითხრეს, რომ ამ წელს მოასფალტება ვერ მოხერხდებოდა, სამაგიეროდ ხრეშს დაყრიდნენ და გზას ასე გაასწორებდნენ გზას. ვიფიქრე, მაინც კარგი-მეთქი. ასევე, ვითხოვე ჭიშკართან ელექტროგადამცემ ბოძზე ნათურა, რადგან მთელი ღამის განმავლობაში, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეზოში განათება მჭირდება. დამპირდნენ გავაკეთებთო.
წყალტუბოშიც გვაქვს სახლი. კვირაში რამდენიმე დღე იქ ვართ, შაბათ-კვირას აუცილებლად შუაფარცხმაში. ჩამოვედი და რას ვხედავ, დაუყრიათ რაღაც ალაგ-ალაგ, არც გასწორებულია, ეზოში შესასვლელი გადაკეტილი ხრეშით. ხელით ჩამოვიყვანე მთელი ეს გზა გიორგი, როგორღაც კი შევიყვანე სახლში. მაგრამ ახლა ამ ტალახში ვეღარ შევიძელი. 112-ში დავრეკე, რომ იქნებ სამაშველო სამსახური დამხმარებოდა, სადაც მითხრეს, რომ ეს მათ ფუნქციებში არ შედიოდა და მითხრეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გამოგზავნიდნენ დასახმარებლად და ასეც მოხდა. ძალიან სწრაფად მოვიდნენ და გადამაყვანინეს გიორგი მანქანამდე, რომელიც სოფლის ცენტრალურ გზაზე დავტოვეთ, რადგან ამ გზაზე მანქანით გადაადგილება ვერშვეძელით.
აწი ყოველ კვირაში მომიწევს პატრულის გამოძახება, რომ გიორგი მანქანიდან სახლამდე და სახლიდან მანქანამდე მოვიყვანო, _ გვეუბნება ქალბატონი იზოლდა სალაძე და აღნიშნავს, რომ შუაფარცხმაში მოუწესრუგებელი შიდასასოფლო გზა მარადიული პრობლემაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი მერი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ადგილზე მისლი იყვნენ მერის წარმომადგენელი და ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატი.
“ადგილზე მისული იყვნენ მერის წარმომადგენელი სოფელ ფარცხმაში ზურაბ გურგენიძე და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ბუკა ცინცაძე. ნახეს.ქალბატონი იზოლდა სახლში არ დახვდათ. როგორც მათ თქვეს საჭიროა გრეიდერი და როგორც კი ამინდი გამოვა, გზას აუცილებლად გაასწორებენ”, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.