საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ინდიანას“ 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე ამჟამინდელ კლუბში უკვე მე-3 წელია ირიცხება. ქართველს მიმდინარე სეზონის 16 შეხვედრაში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები გააჩნია: 8.6 წუთი, 2.7 ქულა, 2.3 მოხსნა. ეს შედეგი ბითაძის მიერ წინა ორ სეზონში დაფიქსირებულ სტატისტიკაზე გაცილებით უარესია, მაგრამ, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ყველაფერი გოგას სასარგებლოდ შეიცვლება და მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Forbes“ საინტერესო სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც მოედანზე ქართველი ცენტრისა და ლიეტუველი დომანტას საბონისის ერთდროულად ყოფნას ეხება. აი, რას წერს ცნობილი გამოცემა.
„ინდიანას“ მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილის ერთ-ერთი მთავარი საინტერესო მიგნება იმ წყვილით თამაშია, რომელსაც ერთი ამპლუის კალათბურთელები შეადგენენ. საუბარია გოგა ბითაძესა და დომანტას საბონისზე, ორ ცენტრზე, რომელთაც 2021-22 წლების სეზონამდე ერთად მხოლოდ 146 წუთი ჰქონდათ ნათამაშები, მიმდინარე სეზონში კი მათ აქტივში უკვე 70 „ერთობლივი“ წუთია. იმ მომენტებში, როდესაც ორივე თავდამსხმელი მოედანზე იყო, გუნდი დაცვაში აშკარად უკეთ გამოიყურებოდა.
მიმდინარე სეზონში ბითაძე და საბონისი ერთად მოედანზე პირველად 25 ოქტომბერს გამოჩნდნენ, როდესაც „ინდიანას“ მეტოქე „მილუოკი“ იყო. შემდეგი „ექსპერიმენტი“ კლუბ „ტორონტოს“ წინააღმდეგ გახორციელდა. ორივე შეხვედრაში ბითაძე-საბონისის დუეტი დაცვაში ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა. მთავარი მწვრთნელისათვის ნათელი გახდა, რომ აღნიშნული წყვილის დატვირთვა ნებისმიერ დროს შეეძლო. კარლაილის მიერ შექმნილი წყვილი რომ დაცვაში ძალიან ეფექტურია, სტატისტიკაც გვაჩვენებს სადაც ქართველისა და ლიეტუველის დაცვითი რეიტინგი 104.3-ს უტოლდება“.
დაველოდოთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრებს და ნათელი გახდება ქართველ მოთამაშეს თავის გამოჩენის მეტი შესაძლებლობა თუ მიეცემა.
საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეიძლება ამჟამინდელი გუნდის კარში კვლავ დაბრუნდეს.
2 დეკემბერს ესპანეთის თასზე „ვალენსია“ კლუბ „უტრილიასს“ დაუპირისპირდება და ადგილობრივი სპორტული მასმედიის მტკიცებით, მამარდაშვილს თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცემა.
„ვალენსიაში“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მეკარის პოზიციასთან დაკავშირებითაა. ძირითადი მეკარის სტატუსს ამჟამად ნიდერლანდელი სილესენი ფლობს, რომელმაც სეზონის სტარტზე წარმატებულად მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი, „ლა ლიგის“ მე-6 ტურიდან მოყოლებული შეცვალა.
მამარდაშვილი და ხაუმე დომენეკი სათადარიგოთა სკამზე სხედან. მაგრამ „კოპა დელ რეი“ მთავარ მწვრთნელ ბორდალასს საშუალებას აძლევს, ამჯერად არჩევანი გააკეთოს სეზონის დასაწყისში დამაჯერებლად მოთამაშე მამარდაშვილსა და დომენეკს შორის. რაც შეეხება „ვალენსიას“ კიდევ ერთ კარის დარაჯს, კრისტიან რივეროს, ამჟამად მეოთხე მეკარის სტატუსი აქვს და თუ სასწაული არ მოხდა, კლუბს იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით დატოვებს.
ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა კი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 45 წლის სპეციალისტის „რუბინში“ მუშაობის პერიოდში კვარაცხელიამ მხოლოდ ორი მატჩში გაატარა მოედანზე 90 წუთი და ახლა, როდესაც ქართველი „რუბინის“ ლიდერია, შარონოვს ჰკითხეს, რატომ არ აძლევდა მას ბევრ სათამაშო დროს.
„შეგიძლიათ ხვიჩას ჰკითხოთ, ვხედავდი თუ არა მასში პოტენციალს. გადაამოწმეთ მასთან, რაზე ვსაუბრობდი. ვეუბნებოდი, რომ ევროპულ კლუბში მოხვედრის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ეს არ ეხება მხოლოდ ბურთით თამაშს. ცოტას იმიტომ თამაშობდა, რომ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რაც გუნდისთვის სასარგებლო არ იყო. ხვიჩას სტაბილურობის მხრივ მოსამატებელი აქვს. გარდა ამისა, შედეგიანობაც უნდა გააუმჯობესოს“, _ განაცხადა რომან შარონოვმა.
ბრაზილიელი ნეიმარი დაგვიშავდა და მინიმუმ ორთვიანი უქმობა მოუწევს. „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი რომელმაც „ლიგა 1“-ის მე-15 ტურის შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო, წელს მოედანზე ვეღარ გავა. პარიზული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს 6-იდან 8 კვირამდე პერიოდი გაუცდება.
სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ნეიმარს მარცხენა კოჭის მყესები აქვს დაზიანებული. უახლოეს მომავალში ფეხბურთელს კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაუტარებენ, რათა გამოჯანმრთელების ვადები დაზუსტდეს.
ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ორ თვეში 44 წლის გახდება, მაგრამ ფეხბურთისთვის წარმოუდგენელი ასაკის მიუხედავად ჩინებულ სპორტულ ფორმაშია და დიდი მიზნებიც აქვს _ ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებაზე ოცნებობს, რომელიც მისთვის რიგით მეექვსე იქნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც 6 მუნდიალზე იქნება ნამყოფი. თუმცა, მანამდე იტალიის ნაკრებმა ყატარის საგზური უნდა მოიპოვოს და ამისთვის მომავალი წლის მარტში რთული „ფლეი ოფის“ გავლა მოუწევს. ბუფონი ფიქრობს, რომ იტალიაში ყველა უნდა გაერთიანდეს ამ მიზნის გარშემო, რადგან დაუშვებელია, „სკუადრა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე ზედიზედ მეორედ დარჩეს.
ჯანლუიჯი ბუფონს „პარმასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კარიერის დასრულებას არც ამ სეზონის შემდეგ აპირებს. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე 2002, 2006, 2010 და 2014 წლებში ითამაშა, ხოლო 1998 წელს, განაცხადში იყო, როგორც მე-2 მეკარე ჯანლუკა პალიუკას შემდეგ. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის თუნდაც განაცხადში 6-ჯერ აქამდე არცერთი ფეხბურთელი ყოფილა.
[sexy_author_bio]