იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
“გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია. ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა”, – თქვა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “მას შემდგომ როცა მიხეილ სააკაშვილი გამოწერილი იქნება გორის ჰოსპიტლიდან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ”.
ცნობისთვის, 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.