მინსკმა რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახური “ექსტრემისტული” ორგანიზაციების სიაში დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მედიის ცნობით, უწყების მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ Radio Svaboda-ს ინტერნეტ რესურსებთან დაკავშირებული მოქალაქეთა ჯგუფი ექსტრემისტული ჯგუფია
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს, რომელსაც Radio Svaboda გამოწერილი ექნება, შესაძლოა, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. RFE/RL-ის პრეზიდენტის განცხადებით, ბელარუსის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას გმობენ.
“ჩვენ ვგმობთ ბელარუსის მთავრობის კამპანიას, რომ პატიოსანი ჟურნალისტების კრიმინალიზაცია მოახდინოს და ბელარუს ხალხს სიმართლე ჩამოართვას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ სასაცილო, რეჟიმის მიერ დაწესებულ იარლიყს – Radio Svaboda “ექსტრემისტული ორგანიზაცია” არ არის” – აცხადებენ გამოცემაში.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბელარუსი თავისუფალ და განსხვავებულ აზრს ეწინააღმდეგება. 2020 წლის აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს, ათობით ტელეგრამის არხისა და ბლოგების “ექსტრემისტულად”
გამოცხადება, ასევე, ჟურნალისტისა და აქტივისტის დაკავება მოჰყვა. დღეის მდგომარეობით, ბელარუსში 953 ადამიანი პოლიტიკურ პატიმრადაა მიჩნეული.