საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი, ნატო ჩხეიძე აყენებს ინიციატივას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს აღინიშნოს.
აღნიშნული ინიციატივა მან პარლამენტის ბიუროს წარუდგინა და მისი დაჩქარებულად განხილვა მოითხოვა, თუმცა ბიურომ დაჩქარებული განხილვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჩვეულებრივი წესით განსახილველად დააწერა კომიტეტს.
რაც შეეხება არგუმენტს, რატომ მიაჩნია ნატო ჩხეიძეს დამოუკიდებლობის დღის თარიღის შეცვლა საჭიროდ – დეპუტატი ამბობს, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა „გარკვეული ისტორიკოსების ფალისფიკაციური ახსნების საფუძველზე“ ხდება.
„26 მაისი, მოგეხსენებათ, წინა საუკუნეში, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი 3-წლიანი სახელმწიფოს დაარსების დღე იყო, რომელიც 3 წლის შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ედუარდ შევარდნაძის აზრით, არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის დამფუძნებლის, ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენება, ყველანაირად უნდა მიჩქმალულიყო ეს და, შესაბამისად, წინ წამოწეულიყო ნოე ჟორდანიას მიერ გამოცხადებული ხელისუფლება.
მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში ზვიად გამსახურდიას სახელი უბრუნდება იმ რეალობას, რა ღვაწლიც მას ჰქონდა ქვეყნის შექმნაში, ვფიქრობ, დროა, შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რომელიც შესაბამისობაში არაა კონსტიტუციასთან და 9 აპრილი იყოს დამოუკიდებლობის დღე, ხოლო 26 მაისი, რომლის აღნიშვნასაც ამდენი ხანი შევეჩვიეთ, შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას პრეზიდენტის დღე“, – განაცხადა ჩხეიძემ, რომელსაც კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა იმისთვის უნდოდა, რომ ცვლილება 9 აპრილამდე მიეღოთ.
ბიუროზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ 26 მაისი არის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, ხოლო 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და შესაბამის აქტშიც ასეა აღნიშნული, რომ 9 აპრილს აღდგა 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.
მათი არგუმენტით, საკითხი სამსჯელოა და მიზანშეწონილი არაა მისი დაჩქარებულად განხილვა, ამიტომ ბიურომ საკითხს მხარი არ დაუჭირა.