იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები გაფუჭდეს, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს.
როგორც ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განმარტა, თუ დღიურად 10 ათასი ვაქცინირებული იქნება, ეს ვაქცინის გაფუჭების რისკს შეამცირებს.
„ რა თქმა უნდა, ამის საფრთხე არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააქტიურდება ვაქცინაციის პროცესი იმუნიზაციის საბჭოს ახალი გეგმის მიღების შემდეგ. შესაძლებელია ეს პროცესი მეტად აქტიური გახდეს. თუ მოვახერხებთ, რომ მინიმუმ 10 ათასი ადამიანი იყოს ვაქცინირებული ყოველდღე, მაშინ ამის რისკი მინიმალურია. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაგრძლდება ვაქცინაციის პროცესი. რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ოპტიმალური იქნება ის ვაქცინა, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ. მარტში ელოდება „ფაიზერი“ ამ ვაქცინის საბოლოო ვარიანტის შექმნას, სავარაუდოდ, მსოფლიოში ეს ვაქცინა მარტში გვექნება. როდის შემოვა საქართველოში რთული სათქმელია“,- განმარტავს ივანე ჩხაიძე.