,,უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც აღიარებს“, – ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია РИА Новости წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის დუმის სირიის პარლამენტთან კავშირის ჯგუფის კოორდინატორმა, დმიტრი საბლინმა მიაწოდა.
“მჯერა, რომ რუსეთის კვალზე დსრ-სა და ლსრ-ს აღიარებენ მოკავშირეები და მეგობრები. მე დონბასის სიტუაციაზე ვესაუბრებოდი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. მან თქვა, რომ სირია ისევე იქნება მზად აღიაროს ისინი, როგორც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა”, – განაცხადა საბლინმა.
შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობაც.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
[sexy_author_bio]